Eng  Ðóñ


თენგიზ გობეჯიშვილი

  თენგიზ ალექსანდრეს ძე გობეჯიშვილი ქართველ კერამიკოსთა საშუალო თაობას ეკუთვნის. იგი დაიბადა ქ. თბილისში 1933წლის 20 ივნისს. დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის ¹ 11 სკოლაში. მხატვრის პროფესიის დასაუფლებლად 1950 წელს შევიდა მ. თოიძის სახ. ¹ 11 სამხატვრო სასწავლებელში ( მასწავლებლები - ი.ყანდაშვილი, მ.ყიფიანი, დ.ურუშაძე, კ.ჭუმბურიძე), ხოლო 1957 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრაზე ( პედაგოგები - ს.ქობულაძე, დ.ციციშვილი, ბ.შებუევი, შ.მიქატაძე, დ.წერეთელი). მის მიერ შექმნილმა სადიპლომო ნამუშევარმა, დეკორატიულ მონუმენტურმა კომპოზიციამ - "წყარო", ( ხელმძღვანელი - რ.იაშვილი), იმთავითვე მიიქცია ყურადღება. ასეთი ნამუშევრის შექმნა შემთხვევითი არ ყოფილა. იგი ნაკარნახევი იყო დროით. ქართულ კერამიკაში ჯერ კიდევ მის საწყის საფეხურზე (30 - 40 წლებში) შექმნილ ნამუშევრებში ჩასახულმა მონუმენტურმა ხასიათმა ფართო აღიარება და გაქანება მიიღო სწორედ 50 - იან წლებში. იმთავითვე გამოვლინდა მისი შემოქმედებითი კრედო - მტკიცე, ორგანული კავშირი ეროვნულ კულტურასთან - უფრო ვიწროდ ხალხურ ხელოვნებასთან და მათი დროის მოთხოვნილებებისადმი მისადაგების უნარი.
  შემოთავაზებული გამოფენა მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა, აქამდე იგი 27 გამოფენის მონაწილეა. მათ შორის არის საკავშირო და საერთაშორისო. სხვადასხვა ხასიათის  და მასალის (იგი კერამიკის გარდა ხალისით და საინტერესოდ მუშაობს გობელენის, მინის და ხეზე კვეთის ხელოვნებაში) ნამუშევრები ცხადყოფენ, რომ მხატვარს 20 წლის განმავლობაში არ უღალატია ერთხელ არჩეული გზისთვის. რარიგ განსხვავეებულიც არ უნდა იყოს  ნამუშევრები - იქნება ეს  უტილიტარული ნამუშევრები თუ, მკვეთრად  დეკორატიული  "სუფთა" საგამოფენო ნაწარმოები - მათში  თანაბარი ძალით სულდგმულობს ავტორისეული, ხალხური ხელოვნებიდან მომდინარე ძარღვი.  უდავოდ საინტერესოა და ახლებურად ჟღერს თ.გობეჯიშვილის დაინტერესება სადა, ხელმისაწვდომი ჭურჭლის შემკობის "ჩვენებური" ხერხით, როგორიცაა წერნაგით მოხატვა. დღევანდელ კერამიკაში ახალი ფორმების, მასალის აგრესიულ შემოტევაში საოცრად წყნარად და იმედიანად ჟღერს ავტორის ყურადღება ამ ძველთაძველი ხერხისადმი და იმის ილუსტრაცია, რომ იგი დღესაც სიცოცხლისუნარიანი, მხატვრული და პერსპექტიულია. თ.გობეჯიშვილმა ამ ხერხით შექმნა რიგი საინტერესო ნამუშევრებისა - " სერვიზი ლობიოსათვის","სადღვებელი","დოქები" და სხვა. ისინი შორს არიან მიმბაძველებისაგან და სრულყოფილ, თანამედროვე ნაკეთობებად აღიქმებიან.
  ასევე თვითმყოფადია თ.გობეჯიშვილის მცირე პლასტიკა - ხალხური იუმორით არის სავსე მისი სასმისები - ქვევრი ცხოველი, ქვევრი პერსონა, რთული, ერთიმეორეზე შემდგარი ჭურჭლის კომპოზიციები. ქართული კერამიკა მდიდარია რთული კონსტრუქციებით (მარნები), მაგრამ მხატვრის ნამუშევრები აქაც სრულ ავტონომიას ინარჩუნებენ და საკუთარ სახეებს ქმნიან.
  თ.გობეჯიშვილის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დეკორატიულ-მონუმენტური ხასიათის ნამუშევრებს. გარდა სადიპლომო ნამუშევრისა "წყარო", რომელიც 1963 წელს დაიდგა ფაბრიკა "კრწანისის" წინა ტერიტორიაზე, მის მიერ 1967 წელს მხატვრულად გაფორმებულია ქ. თბილისის სალონი "პირიმზე",  ქ. რუსთავში ქარხანა ცენტროლიტის ფასადი (1967 წელი თემატური პანო, შამოტი), ქ. ჭიათურაში უნივერმაღი (1969 წელი შამოტის ჩანართები თემატური კომპოზიციებით), ქ.ანაპის საბავშვო კომპლექსი (1968 წელი სმალტის მოზაიკური პანოები, ბრები), ქ. თბილისის პროფტექგანათლების საცურაო აუზი (1972 წელი მოზაიკური პანო), ქ.გორის ¹ 115 სასწავლებლის აუზი და წყარო (1981 წელი სმალტის მოზაიკა), ქ. სიღნაღის ცენტრში ჩადგმული აუზი (1981 წელი სმალტის მოზაიკა, შამუტში შესრულებული რელიეფები).
  ყოველივე  ეს თ.გობეჯიშვილს თანამედროვე ქართულ მონუმენტურ ხელოვნებაში მოღვაწე მხატვრების გვერდით უმკვიდრებს ადგილს.
  თ.გობეჯიშვილი შემოქმედებით მუშაობას უმტკივნეულოდ და ხალისით უფარდებს პედაგოგიურ მოღვაწეობას. მას 1969 წლიდან მიჰყავს მხატვრული კერამიკის ოსტატობა იმ სასწავლებელში, რომლის აღზრდილიც თვითონ არის. მას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს მოსკოვის სახალხო მოღვაწეთა გამოფენის მედლები - ერთი ვერცხლის, ხუთი  ბრინჯაოსი. დაჯილდოებულია აგრეთვე ახალგაზრდა გამომგონებელთა ლაურეატის მედლით. იგი არის 1969 წლიდან მხატვართა კავშირის წევრი.
  ეროვნული ხელოვნების არამარტო დიდი მოყვარული, არამედ მის მიმართ საოცრად მოკრძალებული, მრავალმხრივი ინტერესების მქონე, თანამედროვე და თვითმყოფადი მხატვარი -  ასე წარმოგვიდგა თ.გობეჯიშვილი თავის პირველ პერსიონალურ გამოფენაზე.
                                                                                  ნ.კიკნაძე
                                                       რესპ. დამსახ. მხატვარი



Free Web Hosting